მუხლის ტკივილი

ძალიან დიდი ხანი არ შემოვსულვარ ჩემს ბლოგზე. მკვდარია უკვე. მაგრამ ბოლო დღეები მაწუხებს ბევრი რამ, რისი დაწერაც ჩავთვალე აუცილებლად.

მაქვს გასაკეთებელი ოპერაცია მუხლზე. მენისკი. და ჰოსპიტალური მომსახურების 100%-იანი დაზღვევა. რაღა უნდა ინატროს ადამიანმა?

თურმე სანატრებელი კიდევ ბევრია.

თავიდან მივედი ოჯახის ექიმთან იმის გამო, რომ ცეკვაზე რაღაც მოძრაობების დროს მუხლი მტკიოდა. თავიდან მეგონა გამივლიდა. ხშირად ხდება, როდესაც თავისით გამივლის. ამან კიდევ არ გამიარა ერთი თვის განმავლობაში. ამიტომაც გადავწყვიტე ექიმთან მისვლა. არ ვიცოდი საერთოდ ვისთან უნდა მივსულიყავი, ამიტომ ოჯახის ექიმს ვესტუმრე.

ოჯახის ექიმი დამხვდა ქალბატონი, რომელიც დანახვისთანავე მესიმპატიურა. მარი სულაშვილი. ევექსის ოჯახის ექიმი, რომელიც, ეტყობა, ზრუნავს თავის პაციენტებზე. მოვუყევი რაც მჭირდა. მან ეგრევე ექოსკოპია დამინიშნა იმისათვის, რომ გაეგო რა მჭირდა. შემდეგ დღეს მივედი ექოსკოპიაზე. აღმოჩნდა, რომ ლატერალური მენისკის დაზიანება მაქვს მარიმ ევექსის ტრავმატოლოგთან გამიშვა.

მივედი ტრავმატოლოგთან. ნახა. მე ხელი არ მახლო, არ გამსინჯა. მხოლოდ ექოსკოპიის დასკვნას გადახედა და გამომიწერა ვოლტარენის აბები და დიკლაკის მალამო, რომელთა გენერიული დასახელება ორივესი არის დიკლოფენაკი. თავიდან, როდესაც ამის რეცეპტი, რომ ამეღო წამალი დაზღვევით აფთიაქებში, გადავიკითხე, დავბრუნდი უკან. ვიფიქრე შეცდომაა. აღმოჩნდა, რომ არა. გამიკვირდა. მე მენისკის დაზიანება მაქვს, და მხოლოდ დიკლოფენაკით ვმკურნალობ? ამის გარდა, რა თქმა უნდა, ცეკვა ამიკრძალა ორი კვირის განმავლობაში; ზოგადად უნდა დამესვენებინა ფეხი. და შემდეგ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდიო. და როდესაც ვიკითხე, მოვიდე თუ არა თქვენთან, მითხრა, აღარ არის საჭირო; რაც ასევე გამიკვირდა.

ვსვამ ვოლტარენს, დიკლაკის გელს ვისვამ მუხლზე. ორი კვირაც გავიდა. ის ტკივილი რაც მქონდა აღარ მაქვს. თუმცა სხვა ტკივილია. შეგრძნებაა, უბრალოდ მუხლი მტკივა. ნებისმიერ დროს.

დამჭირდა ისევ მარისთან, ოჯახის ექიმთან, წასვლა.

მივედი. ხოლო შემდგომ მოვლენებს მორიგ პოსტში აღვწერ.

რატომ ვარ უმუშევარი?

რატომ არის ასეთი ძნელი სამსახურის პოვნა? ერთის მხრივ, ეს შეიძლება რიტორიკული შეკითხვა იყოს; მეორეს მხრივ, ეს ის შეკითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა აუცილებელია.

მარტიდან ვარ უმუშევარი. ვერც კი დავთვლი, რამდენ ადგილას მაქვს გაგზავნილი რეზიუმე. როგორც მოსალოდნელი იყო, უმრავლესობა არც კი გამომეხმაურა. ბევრს ხომ უწერია, რომ მხოლოდ შემდეგ ტურში გასულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან. მაგრამ მაინც იყო რამდენიმე ტესტირება, იყო რამდენიმე გასაუბრება.

ყველა ტესტირებას გავდიოდი, ერთის გარდა, სადაც სასჯელაღსრულებითი კანონმდებლობის ცოდნას მოითხოვდნენ ჩემგან. არც მიკვირს. სასჯელაღსრულებითი კანონმდებლობა არ ვიცი. დანარჩენებიც არ მიკვირს, ლოგიკაში და ინტელექტში არ მოვიკოჭლებ, ხოლო სპეციალობით ფინანსები იყო უმეტესწილად. ეს ყველა ტესტირება გავიარე და გასაუბრებაზეც დამირეკეს.

გასაუბრებაც მშვენივრად გადის. ვაღიარებ, რომ ერთი გასაუბრება არ მომეწონა, სადაც ისევ კანონები გამომკითხეს, რომლიდანაც ერთ-ერთი საბიუჯეტო კოდექსი იყო. არ ვიცი ეს კოდექსი, მხოლოდ 10 გვერდი წავიკითხე იქიდან. შესაბამისად, არც ამირჩიეს. დანარჩენები კი ფრიად სასიამოვნო იყო. გასაუბრებიდან გამოსვლისას დარწმუნებული ვიყავი, რომ  დამიკავშირდებიან და უკვე მეტყვიან როდის უნდა გავიდე სამსახურში. მაგრამ არც ერთს დაურეკავს.

თუმცა, ერთი იყო, ჩემმა უნივერსიტეტმა გააგზავნა ჩემი რეზიუმე მანდ. გასაუბრებაც გავიარე, და დამირეკეს. გავედი სამუშაოზე. მაგრამ იმ საქმეს, რისთვისაც ამიყვანეს, ვერ ვაკეთებდი იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამულ უზრუნველყოფას ვერ ნერგავდნენ. დამატებით, გასაუბრებაზე არ მომახსენეს პირობები, რომ დილის 9დან იწყება სამუშაო დღე, შაბათსაც მუშაობენ. და ბოლოს, იქიდან გამომდინარე, რომ მე აღნიშნული მიზეზების გამო ვერ ვასრულებდი ჩემს მოვალეობას, გამათავისუფლეს. დამირეკეს საღამოს, და მითხრეს, რომ შემდეგ დღეს აღარ გამოვსულიყავი. ამასთანავე, იმ ერთი კვირის ხელფასი არ დამარიცხეს, მერე რა რომ მე არ მიკეთებია საქმე. ეს ხომ ჩემი ბრალი არ იყო. ეს მათი დაგეგმვის პრობლემაა. მე ხომ დრო დავხარჯე, ერთ ტესტირებაზე აღარ წავსულვარ და ერთ გასაუბრებაზე მოვახსენე, რომ უკვე ამიყვანეს, და ჩემი კანდიდატურის განხილვას აზრი აღარ აქვს.  თემას გადავუხვიე.

რატომ არის, რომ გასაუბრებიდან დაბრუნებულს აღარ მიკავშირდებიან? რა არის ჩემში ისეთი სხვანაირი, რაც გამსაუბრებებს არ მოსწონთ? ნუთუ გამართულად არ ვსაუბრობ? ნუთუ ძალიან უხეში ვარ? ან იქნებ ძალიან თავდაჯერებული ვარ?

საინტერესოა, რომ ზოგიერთი ნაცნობის მიხედვით, არის კომპანიები, რომლებიც ამ ყველაფერს საჩვენებლად აკეთებენ, რეალურად ჰყავთ არჩეული კანდიდატი თავიდანვე, მაგრამ იმისათვის, რომ დაიცვან “პრტოკოლი” დასაქმების ამ ყველა ეტაპს გადიან.

ვისაც დაგაინტერესეთ, როგორც თქვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, იხილოთ ჩემი LinkedIn პროფილი.

თავისუფლების ბანაკი – “განათლებული მოქალაქე”

თავისუფლების ბანაკი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საზაფხულო სკოლად, ჩაატარა თავისუფლების კლუბმა. მოდით, ამ ვიდეოს უყურეთ იმისათვის, რომ გაიგოთ რა არის თავისუფლების ბანაკი. (გამომივიდა ტავტოლოგია, მაგრამ who cares :D)

მოდით ამ ვიდეოს მივყვები და მოგითხრობთ ბანაკის შესახებ.

წიგნები – ეს არ იყო formal education, რომელსაც სკოლაში, ბაკალავრიატზე, მაგისტრატურაზე და თუნდაც სხვადასხვა ტრენინგებზე გაწვდიან, შესაბამისად წიგნებიც არ იყო. სამაგიეროდ, ჩვენ ლექციების მსვლელობისას შეგვეძლო ინტერნეტში მოგვეძებნა (რეკლამირებას არ ვუკეთებ ერთ კონკრეტულ საძიებო სისტემას) ლექციის თემატიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დაგვესვა შესაბამისი კითხვები. ასეთი მიდგომა ჩემი აზრით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე წასაკითხად რამე დავალების მიცემა იქიდან გამომდინარე, რომ მაინც არავინ დაიწყებს ამ წიგნების კითხვა. მეც კი, რომელსაც ბანაკშივე მათხოვეს Jane Austin-ის “Pride and Prejudice”, ვერ წავიკითხე; დიდი სურვილი კი მქონდა.

ამინდი – ამ საკითხში ნაკლებად კომპეტენტური ვარ. დღის უმეტესი ნაწილი შენობაში ვიყავით, სადაც სულ მუდამ კონდიციონერები იყო ჩართული. იქიდან გამომდინარე, რომ მე მცივანა ვარ, მციოდა და ფეხები მეყინებოდა. მაგრამ მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ შენობაში ასეთი სიცივე აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, შესაბამისად არ ჩაგეძინება ლექციაზე და ინ ჯენერალ უფრო კარგად იაზროვნებ.

საჭმელს მე გამოვტოვებ, რადგანაც საჭმელისადმი მეტისმეტად მომთხოვნი არ ვარ. მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ყოველ საჭმელზე იყო ატამი და ვაშლატამა, ზოგჯერ საზამთროც, ასევე წვენიც.

ბანაკში მართლაც ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი. უმეტესობა ისეთი ვისთანაც კონტაქტს მომავალშიც დიდი სიამოვნებით ვისურვებდი, და იმედი მაქვს თვითონ მიხვდებიან, ვისზეც მაქვს საუბარი. მაგრამ ასევე იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არაკომპეტენტურ და არაინფორმირებულ კითხვებს სვამდნენ. მაგრამ ბანაკის ბოლო დღეს უკვე შესამჩნევი იყო როგორ შეიცვალნენ და უფრო ჯანსაღად დაიწყეს აზროვნება. ზუსტად ეს იყო ამ ბანაკის ერთ-ერთი მიზანი. მიხარია, მართლაც გამოუვიდათ, რაც არც თუ ისე ბევრს გამოსდის.

ახალი მეგობარი შევიძინე ბანაკში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე არის შვიდი წლით უმცროსი, მე ვთვლი მას მეგობრად (იმედია, ისიც მთვლის). ძაააალიან ბევრი საერთო ინტერესი აღმოვაჩინეთ. ჩემზე უმცროსია, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ჩემზე გაცილებით ჭკვიანია და მისი მშურს. რატომ მშურს? იმიტომ, რომ ეს ბავშვი არის ზე-აქტიური, 80მდე სერტიფიკატი აქვს, ანუ სადაც კი ასაკი უწყობს ხელს, ყველგან იღებს მონაწილეობას. მეც მინდა ვიყო წარსულში მისთანა აქტიური. მაგრამ ხანდახან როცა ჩავუფიქრდები, მეც ვიყავი აქტიური; სადაც კი მქონდა შესაძლებლობა, ყველგან ვიღებდი მონაწილეობას, მეტი უბრალოდ შეუძლებელი იყო. მაშინ იმდენი შესაძლებლობა არ იყო, როგორც დღეს. გამოდის, მეც თავის დროზე ასეთი აქტიური ვიყავი.

ცოტა გადავუხვიე თემას, მაგრამ მაინც ღირდა.

ბანაკის სურათები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

თვითონ ლექციებს და სემინარებს შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ.

თვითმკვლელობა და ფონიჭალა

გუშინ 17 ივნისს მივდიოდი ჩემს მეგობართან სახლში… სადღაც ფონიჭალაში… ავტობუსიდან ვიყურები, ვხედავ რაღაც საკმაოდ ბევრი ხალხი შეიკრიბა… იქვე პოლიციის მანქანა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წარმომადგენლები შევამჩნიე… ავტობუსში ეგრევე გაიგეს (ოღონდ საიდან გაიგეს, არ ვიცი, ყველა ხომ ავტობუსში ისხდა და არა გარეთ პოლიციელს ელაპარაკებოდა), რომ თვითმკვლელობა მოხდა… ჭორი ეგრევე მთელ ავტობუსს მოედო… მე და ჩემი მეგობარი გაოგნებულები ვსხედვართ, და არ ვიცით, დავიჯეროთ თუ არა… მერე დავივიწყეთ…

ახლა კი დავჯექი კომპიუტერთან და გამახსენდა, ამას ხომ რუსთავი 2-ც ესწრებოდა. გადავწყვიტე გამეგო, ზუსტად რა მოხდა, არა ჭორის დონეზე. და აი რა აღმოვაჩინე:

”თვითმკვლელობა მოხდა ქვემო ფონიჭალის დასახლებაში. თბილისის შემოსასვლელთან, საავტომობილო გზაზე, `მერსედესის` მარკის მანქანაში საშუალო ასაკის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით სახის არეში სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პატრული და აგრეთვე გარდაცვლილის ოჯახის წევრები, თუმცაღა კომენტარისგან ორივე მხარე თავს იკავებს, ამიტომ დაღუპულის ვინაობა ჯერაც უცნობია. ერთადერთი დადასტურებული ინფორმაცია ის არის, რომ საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან.”

წყარო: რუსთავი 2