შენ – ერთადერთი

შენ იყავი ის ერთადერთი, ვისაც ვენდობოდი. ის ერთადერთი, ვინც ყოველთვის გამიგებდა და დამაწყნარებდა.

მაგრამ შენ წახვედი და დამტოვე. დამტოვე მარტო. სულ მარტო. ჩემს შიშებთან და ფობიებთან. კომპლექსებთან. თავდაუჯერებლობასთან ერთად…

მომიწია უშენოდ ცხოვრება. მაინც გრძელდება ეს, როგორც იტყვიან ხოლმე, წუთისოფელი. ხალხი სწავლობს, მუშაობს, ვითარდება. მეც მომიწია შეგუება. დავიწყე მუშაობა. გავაგრძელე სწავლა. შევეცადე განვითარება.

მაგრამ არა. არ გამომდის. უშენოდ არ შემიძლია. შენ იყავი ჩემთვის სტიმულის მომცემი; ის ძალა, რის გამოც ცხოვრებას ვაგრძელებდი; ის, ვის გარეშეც წარმოუდგენელია არესებობაც კი.

ახლა კი ველი იმ სანატრელ დღეს, როდის ჩამოხვალ. და ეს დღე როდის დადგება, შენც კი არ იცი…

უსათაურო

მახსოვს შარშან მითხარი ერთი ფრაზა: “უსიყვარულოდ ადამიანი არარაობაა, მტვერია, ნაცარია…” ეს ფრაზა ჩამიჯდა გონებაში და ყოველდღე ჩემდაუნებურად ვიმეორებდი.

ასე გავიდა ოთხი თვე… მერე ერთ მშვენიერ დღეს აწვიმდა. ისე აწვიმდა, რომ სულ დავსველდი. როგორც იქნა, ვიპოვე თავშესაფარი, ერთ კაფეში შევაღწიე და ალკოჰოლური სასმელი ვითხოვე, რათა გავმთბარიყავი. ბარმენმა სასმელი მომაწოდა და რაღაც მითხრა. ვერ გავიგონე; ხმაური იყო; მაგრამ ამ ნათქვამის აზრი შემრჩა გონებაში, რაც შენზე მიმანიშნებდა.

უცბად, ტვინში გამიელვა, ვითომ ვიღაცამ ურო ჩამცხო, ისე და მივხვდი, არ უნდა მიმეტოვებინე. ვიცი, ჩემზე გაცილებით უფროსი ზარ, მაგრამ შენ თვითონ არ მეუბნებოდი, რომ ასაკი არაფერია და მას მნიშვნელობა არა აქვსო; და კიდევ ერთი რაღაც… ჰო, გამახსენდა, გულს ვერ უბრძანებო. არ დაგავიწყდეს, ეს შენი სიტყვებია, და არა ჩემი.

შენ მასწავლე ყველაფერი; შენვე სიცოცხლე შემაყვარე და მისი აზრიც შთამაგონე. არ არსებობს სხვა ადამიანი, ვინც შენსავით ახლოს იქნება ჩემთან.

ნაკადული

გუშინ ულამაზესი დღე იყო. როგორც კი გავედი გარეთ, დავინახე, ღრუბლებიდან მზემ გამოიჭყიტა. ისეთი სიყვარულით უყურებდა არე-მარეს, რომ ადამიანს უნებურად ეღიმებოდა. მზის სითბოთ აღსავსე სხივები თოვლს ისე ნაზად ეფერებოდა, რომ მას სიხარულის ცრემლებით აღევსო თვალები და ნაზად ჩამოსდიოდა ლოყებზე. ეს ცრემლები ისეთ მხიარულ ნაკადულს ქმნიდნენ და ნაკადული ისეთი სიხარულით სავსე ნაკადით ჩხრიალ-ჩხრიალით მიედინებოდა, რომ პატარა მოუსვენარი ანგელოზები სკოლიდან გამოსვლისთანავე ხტუნვა-კუნტრუშით მიყვებოდნენ მას. ნაკადული სულ ქვევით და ქვევით მიიჩქაროდა თავისი უფროსი დის შესახვედრად. როგორც იქნა, მან მიაღწია მტკვარს. ისინი ძლიერი სიყვარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს და ერთად მხიარულად განაგრძეს გზა.

ფიქრები…

ქართულის ლექცია… ანუ უკვე პირველ კურსზე ვარ!!! მიხარია და ვამაყობ!!! მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქართულში მაღალი ქულებით არ ვიყავი გამორჩეული… ლექტორმა მოგვცა ლექციაზევე დასაწერი თემა: ფიქრები… შემეშინდა… სკოლა ხომ აღარაა… ცოტა უნდა დავსერიოზულდე. თუმცა გადავწყვიტე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და დავწერე ჩემს სტილში… მაინც ცოტას ვნერვიულობდი. სამაგიეროდ ამ ექსპერიმენტმა თავისი ნაყოფი გამოიღო და ათი ქულიდან ათივე ავიღე!!! ჩემს ბედნიერებას, მგონი, საზღვარი არ ჰქონდა… უფრო თავდაჯერებული გავხდი… მთლად ხელიდან წასული არ ვყოფილვარ!!!

აი რა დავწერე:

ფიქრები…

ვინ იცის რაა ფიქრები?..

თავისით მოდიან და თავისით მიდიან…

ფიქრები ადამიანის ნაწილია, თვით ადამიანიც… ფიქრები სულიერებაცაა, ასევე ხორციელების განსახიერებაც… ფიქრებს ვერ უბრძანებ… შორეულ წარსულში გადაგაგდებენ, რომც არ გინდოდეს, მომავალშიც გადაგაფრენენ…

ფიქრები ცხოვრების საუკეთესო მომენტებს მოგაგონებენ, როგორ იჯექი საყვარელ ადამიანთან ერთად ზღვის პირას მთვარიან ღამეს, როგორ გაკოცა იმან და შენ შეკრთი… ფიქრები ასევე გაგყვებიან დროის ყველაზე მტკივნეულ ადგილას, როცა საყვარელ ადამიანს დაშორდი, როცა ეს დაშორება შენი ბრალი იყო…

ფიქრები თანაგრძნობაცაა… ფიქრები სხვა ადამიანის ადგილას დაგაყენებენ. მისი სატკივარი შენი სატკივარი გახდება, მისი სიხარული – შენი…

სამწუხაროდ, ფიქრებმა სასტიკი თამაში იციან შენთან. მეგობარმა რამე ცუდი ჩაიდინა, ფიქრები კი შენ აგაღებინებენ პასუხისმგებლობას, და მერე თავს დამნაშავედ გაგრძნობინებენ…

ფიქრები გაიძულებენ აწყენინო საუკეთესო მეგობარს, საყვარელ ადამიანს… ხანდახან ფიქრები მოგაკვლევინებენ ცოცხალ არსებას…

ოჰ, ეს ფიქრები!.. როგორი სასტიკი არიან და როგორი ლმობიერი…

თავისით მოდიან და თავისით მიდიან…

მეც მიყვარხარო…

ეძღვნება ყველა აბიტურიენტს

აბიტურიენტობა გამახსენდა…

როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი აბიტურიენტი დროდადრო ზედმეტად გადაიტვირთება… მეც დამემართა ასეთი რამ… აღარც წიგნი მინდოდა, აღარც ტელევიზორი, და არც კომპიუტერი… უბრალოდ მივაგდე წიგნი, რვეული, კალმისტარი თუ ფანქარი და გარეთ გავიხედე… ნამეტანი კარგი ამინდი იდგა… ისე მომინდა გარეთ გასვლა, ისე!.. მაგრამ ეგრევე გადავიფიქრე… საქმე იმაშია, რომ ჩემი მეზობლების ნახვა არც თუ ისე ძალიან მინდოდა… გამარჯობა, გაგიმარჯოს, როგორ ხარ, რავი აბა – ამით შემოიფარგლება ჩვენი ურთიერთობა… თუმცა ხანდახან გამოჩნდება კიდევ ორიოდე ფრაზა: ”შეყვარებული გყავს?” უახლოეს წარსულში დაემატა ამას კიდევ ერთი: ”ხომ არ გათხოვდი?” ორივე ამ კითხვაზე ერთი პასუხი გაისმის ჩემგან: ”არა”, ზედმეტი კითხვების თავიდან ასაცილებლად… გარეთ გასვლა გადავიფიქრე… ერთ მთას დავუწყე ყურება… მთა, რომელიც თბილისის ზღვის იქითაა და ღამ-ღამობით ნათდება… და უცბად მოვიმარჯვე ბლოკნოტი და ფანქარი (არა კალმისტარი) და შედეგად ასეთი რამ გამოვიდა:

***

ამდენმა მეცადინეობამ დამღალა… მივაგდე მაგიდის კუთხეში წიგნი და რვეული. ოცნება დავიწყე…

ოცნებამ დამღალა… მოვიწყინე… ფანჯარას მივუჯექი და შორს გავიხედე… ძალიან შორს… ჰორიზონტსაც გავცდი…

უცბად… აქვე დავინახე, ახლო-მახლო, გოგო და ბიჭი დახტუნაობენ ხის ჩრდილში… სულ პატარები… სამი-ოთხი წლის… ბიჭი გოგოს სიცოცხლით აღსავსე თვალებით უყურებს… უყურებს და ეღიმება…

”მიყვარხარო!”

გოგონამ გაოცებული თვალებით შემოჰხედა ბიჭს… თვალებით სიხარულის ცრემლებით აევსო… გაეცინა…

”მეც მიყვარხარო!”

ცოტახნით თვალები დავხუჭე… ჩემი თავი წარმოვიდგინე სამი-ოთხი წლის… პატარაობა გამახსენდა… გავახილე თვალები… ბიჭმა გოგოს ლოყაზე ნაზაად აკოცა…

და ისევ ხის ჩრდილში გააგრძელეს ხტუნვა-კუნტრუში ვითომც არაფერი…

***

ისევ და ისევ ნიკო ლორთქიფანიძე, მისი ნოველებით გასხივოსნებული ვწერდი ამ ჩანახატს…

ლექცია და მოწყენილობა

ეს იყო ის დრო, როცა დავდიოდი ქიმიაზე. მართლაც რომ გატაცებული ვიყავი ამ მეცნიერებით. შემდგომ კი ზუსტად ქიმიაში ოქროს მედალი ბატონმა პრეზიდენტმა ჩამომიკიდა კისერზე.

ერთ დღეს ქიმიის გაკვეთილზე მეტისმეტად მოვიწყინე. ხოდა რატომ მოვიწყინე? იმიტომ რომ მასწავლებელი გვიყვებოდა რაღაცეებს სუფთა ქიმიიდან, რომელიც მე ნამდვილად არ მიზიდავდა. მე უფრო ბიოქიმიით ვიყავი გატაცებული, მაგრამ რატომღაც ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ამოვყავი თავი.  ბევრი რომ არ ვისაუბრო, კიდევ ერთხელ გთავაზობთ ჩემს შემოქმედებას. და ერთი თხოვნა მექნება, არ დაინდოთ, თქენი კრიტიკა მაინტერესებს. წინასწარ უღრმესი მადლობა!

***

ვზივარ… მეძინება… ლექტორი ლექციას გვიკითხავს ელექტრონული შრეების შესახებ… ეს უკვე ვიცი… ამიტომაც მეძინება… სიტყვები: “შორდებიან”, “რადიუსი”, “სფერო”… მხოლოდ ასეთი ცალკეული სიტყვები…

მთლიანი აზრი არ ესმის…

ამასობაში ტვინი გადაიღალა და ფიქრები წავიდნენ… წავიდნენ შორს… შორს… გადაიარეს მზის სისტემა… გალაქტიკა… მრავალი გალაქტიკა…

მიდიან… მიდიან უცნაურ ადგილას… ადგილას უცნობ, მაგრამ ლამაზს და მანმადე უნახავს…

მიდიან ფიქრები… მაგრამ უცბად ფიქრებს თვითონ მე ვცვლი… ჩემს თავს ვხედავ ამ ლამაზ და უცნაურ ადგილას… ისევ ვაგრძელებ სიარულს…

და… უცბად…

უცბად ვხედავ მას… მას!.. მიხარია… თეთრშია ჩაცმული თეთრ შარვალ-კოსტუმში… გავშეშდი… მისი დანახვა დიდად გამიხარდა… დაჩერებული ვარ… მისვლა მინდა, მაგრამ ვერ მივდივარ… ფეხები არ მემორჩილება… მისმა დანახვამ მომაჯადოვა, აღმაფრთოვანა…

მინდა მასთან მიახლოვება, მაგრამ არ შემიძლია…

მოვიწყინე. მაგრამ…

მადლობა ღმერთს! თვითონ დაიძრა… ველოდები, სანამ მომიახლოვდება… და…

ამ დროს კლასელი მაღვიძებს… გაკვეთილი დამთავრდაო…  მეწყინა… სინამდვილე მეგონა… მაგრამ…

მაგრამ, სამწუხაროდ, სიზმარი აღმოჩნდა…

ჩემი პირველი ჩანახატი

ახლა კი მინდა გაგაცნოთ ჩემი ე.წ. შემოქმედება. ეს იყო 2006 წელს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მქონდა ნასწავლი ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები, ზუსტად რომელი არ მახსოვს. მაგრამ ჩემს მეხსიერებაში ჩაიბეჭდა ის, რომ მე ძალიან მომეწონა და საკმაოდ აღფრთოვანებული დავრჩი. ამას დაემატა ჩემი დაქალის მიერ დაწერილი პატარა ესკიზები. შედეგად გამოვიდა ჩემი პირველი ე.წ. იმპრესიონიზმის სტილში დაწერილი ჩემი ჭკუით შერქმეული ჩანახატი. კიდევ მინდა დავამატო რომ ეს იყო აბიტურიენტობის პერიოდი, კონკრეტულად კი ის მომენტი, როცა მე მათემატიკას ვმეცადინეობდი და რატომღაც არ გამომდიოდა… აი ისიც:

***

ვზივარ… ტვინში სულ მათემატიკა… ამოხსნა კი არ აქვს… რა პონტია?

-რა პონტია და ის, რომ ტვინი არ მუშაობს.
-რატომ?
-ტელევიზორს უყურებ.
-ტელევიზორს არ ვუყურებ!
-აბა რაშია საქმე?
-რაშია და ხელს მიშლის!
-მაშინ წადი, ოთახში იმეცადინე.
-შენ თვითონ არ მითხარი, აქ იმეცადინეო?
-კი, მაგრამ…

ყურსასმენები ყურებში… Evanescence ჟღერს… მათემატიკა, პარაბოლა ტვინში… და…

ვაშა!!! გამოვიდა! ვიპოვე x და y, p და q, დავხაზე პარაბოლა…

ვაშა!!!

***

ესაა და ეს. ასეთი მოკლე… ნუ დაიზარებთ, შეგიძლიათ თავისიფლად გამაკრიტიკოთ! მზად ვარ!

დიდი მადლობა, რომ არსებობთ!!!