მეც მიყვარხარო…

ეძღვნება ყველა აბიტურიენტს

აბიტურიენტობა გამახსენდა…

როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი აბიტურიენტი დროდადრო ზედმეტად გადაიტვირთება… მეც დამემართა ასეთი რამ… აღარც წიგნი მინდოდა, აღარც ტელევიზორი, და არც კომპიუტერი… უბრალოდ მივაგდე წიგნი, რვეული, კალმისტარი თუ ფანქარი და გარეთ გავიხედე… ნამეტანი კარგი ამინდი იდგა… ისე მომინდა გარეთ გასვლა, ისე!.. მაგრამ ეგრევე გადავიფიქრე… საქმე იმაშია, რომ ჩემი მეზობლების ნახვა არც თუ ისე ძალიან მინდოდა… გამარჯობა, გაგიმარჯოს, როგორ ხარ, რავი აბა – ამით შემოიფარგლება ჩვენი ურთიერთობა… თუმცა ხანდახან გამოჩნდება კიდევ ორიოდე ფრაზა: ”შეყვარებული გყავს?” უახლოეს წარსულში დაემატა ამას კიდევ ერთი: ”ხომ არ გათხოვდი?” ორივე ამ კითხვაზე ერთი პასუხი გაისმის ჩემგან: ”არა”, ზედმეტი კითხვების თავიდან ასაცილებლად… გარეთ გასვლა გადავიფიქრე… ერთ მთას დავუწყე ყურება… მთა, რომელიც თბილისის ზღვის იქითაა და ღამ-ღამობით ნათდება… და უცბად მოვიმარჯვე ბლოკნოტი და ფანქარი (არა კალმისტარი) და შედეგად ასეთი რამ გამოვიდა:

***

ამდენმა მეცადინეობამ დამღალა… მივაგდე მაგიდის კუთხეში წიგნი და რვეული. ოცნება დავიწყე…

ოცნებამ დამღალა… მოვიწყინე… ფანჯარას მივუჯექი და შორს გავიხედე… ძალიან შორს… ჰორიზონტსაც გავცდი…

უცბად… აქვე დავინახე, ახლო-მახლო, გოგო და ბიჭი დახტუნაობენ ხის ჩრდილში… სულ პატარები… სამი-ოთხი წლის… ბიჭი გოგოს სიცოცხლით აღსავსე თვალებით უყურებს… უყურებს და ეღიმება…

”მიყვარხარო!”

გოგონამ გაოცებული თვალებით შემოჰხედა ბიჭს… თვალებით სიხარულის ცრემლებით აევსო… გაეცინა…

”მეც მიყვარხარო!”

ცოტახნით თვალები დავხუჭე… ჩემი თავი წარმოვიდგინე სამი-ოთხი წლის… პატარაობა გამახსენდა… გავახილე თვალები… ბიჭმა გოგოს ლოყაზე ნაზაად აკოცა…

და ისევ ხის ჩრდილში გააგრძელეს ხტუნვა-კუნტრუში ვითომც არაფერი…

***

ისევ და ისევ ნიკო ლორთქიფანიძე, მისი ნოველებით გასხივოსნებული ვწერდი ამ ჩანახატს…