მე 2003 წლამდე

ამ პოსტის საპასუხოდ: საქართველო ნაციონალებამდე. ჯერ წაიკითხეთ ბმულზე მოცემული პოსტი და შემდგომ ეს.

მახსოვს მე ეს, მაგრამ კანონიერი ქურდის შესახებ პირველად რომელიღაც სერიალიდან გავიგე. ეს ფენომენი მე არ შემხებია.

ფონდის ფულის გარდა ჩვენ დამლაგებლის ფულსაც 50 თეთრს ვაგროვებდით. იმ დროისთვის ეს არ იყო დღევანდელი 50 თეთრი. ტრანსპორტი როცა 20 თეთრი ღირდა, და მოსწავლეებს ისედაც უშვებდნენ უფასოდ, რეგულაციების გარეშე, მაშინ წარმოიდგინეთ, რა იყო 50 თეთრი.

მახსოვს რელიგიის გაკვეთილები. რომელსაც მერე გადაერქვა “რელიგიის ისტორია და კულტურა”. ჩემს მშობლებს ამის გაგებისას ძალიან გაუხარდა. ეგონათ, რომ ძირითადი რელიგიების ისტორიას შეგვასწავლიდნენ და მათ წესებს. მიუხედავად ამ იმედისა, საგანი დარჩა ძველებური, უბრალოდ სახელი შეუცვალეს.

კლასში ხატების კუთხე იყო, სადაც სანთელიც ენთო ხოლმე. მე, როგორც გაურკვეველი რელიგიის პატრონს, საწინააღმდეგო არაფერი მქონდა.

სამაგიეროდ დიდად არ მომწონდა რელიგიის გაკვეთილის დაწყებისას ლოცვის კითხვა, და ასევე გახანგრძლივებულ ჯგუფში დარჩენისას ლოცვის სწავლება. და შემდგომ აუცილებლად უნდა ჩაგებარებინა ლოცვა მასწავლებლისათვის. ჩემთვის ეს მიუღებელი იყო. რთული იყო ჩემთვის ამ ძველ ენაზე ლოცვის სწავლა, და ამასთან ზეპირად ჩაბარება. დამატებით, თუ არ ჩააბარებდი მასწავლებელი გეჩხუბებოდა, რატომ არ იცი, ქართველი ხარ და უნდა იცოდე.

სამაგიეროდ, მიხაროდა მეორე კლასში როცა ვიყავი, ვარკეთილიდან ჩემი ძმის ლერმონტოვის ქუჩაზე ბაღში დატოვება და შემდეგ სკოლაში ლესელიძეზე წასვლა. თავი უკვე დიდი მეგონა. ხოლო გაკვეთილების შემდეგ ჩემი ძმის ბაღიდან გამოყვანა და ავლაბარში, დედაჩემის სამსახურში, წასვლა. და შემდგომ ერთად მივდიოდით სახლში.

ცოტა გადავუხვიე ბმულზე მოცემულ პოსტს, მაგრამ რაც მთავარია, ეს ჩემგან წამოვიდა.

Advertisements

მეც მიყვარხარო…

ეძღვნება ყველა აბიტურიენტს

აბიტურიენტობა გამახსენდა…

როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი აბიტურიენტი დროდადრო ზედმეტად გადაიტვირთება… მეც დამემართა ასეთი რამ… აღარც წიგნი მინდოდა, აღარც ტელევიზორი, და არც კომპიუტერი… უბრალოდ მივაგდე წიგნი, რვეული, კალმისტარი თუ ფანქარი და გარეთ გავიხედე… ნამეტანი კარგი ამინდი იდგა… ისე მომინდა გარეთ გასვლა, ისე!.. მაგრამ ეგრევე გადავიფიქრე… საქმე იმაშია, რომ ჩემი მეზობლების ნახვა არც თუ ისე ძალიან მინდოდა… გამარჯობა, გაგიმარჯოს, როგორ ხარ, რავი აბა – ამით შემოიფარგლება ჩვენი ურთიერთობა… თუმცა ხანდახან გამოჩნდება კიდევ ორიოდე ფრაზა: ”შეყვარებული გყავს?” უახლოეს წარსულში დაემატა ამას კიდევ ერთი: ”ხომ არ გათხოვდი?” ორივე ამ კითხვაზე ერთი პასუხი გაისმის ჩემგან: ”არა”, ზედმეტი კითხვების თავიდან ასაცილებლად… გარეთ გასვლა გადავიფიქრე… ერთ მთას დავუწყე ყურება… მთა, რომელიც თბილისის ზღვის იქითაა და ღამ-ღამობით ნათდება… და უცბად მოვიმარჯვე ბლოკნოტი და ფანქარი (არა კალმისტარი) და შედეგად ასეთი რამ გამოვიდა:

***

ამდენმა მეცადინეობამ დამღალა… მივაგდე მაგიდის კუთხეში წიგნი და რვეული. ოცნება დავიწყე…

ოცნებამ დამღალა… მოვიწყინე… ფანჯარას მივუჯექი და შორს გავიხედე… ძალიან შორს… ჰორიზონტსაც გავცდი…

უცბად… აქვე დავინახე, ახლო-მახლო, გოგო და ბიჭი დახტუნაობენ ხის ჩრდილში… სულ პატარები… სამი-ოთხი წლის… ბიჭი გოგოს სიცოცხლით აღსავსე თვალებით უყურებს… უყურებს და ეღიმება…

”მიყვარხარო!”

გოგონამ გაოცებული თვალებით შემოჰხედა ბიჭს… თვალებით სიხარულის ცრემლებით აევსო… გაეცინა…

”მეც მიყვარხარო!”

ცოტახნით თვალები დავხუჭე… ჩემი თავი წარმოვიდგინე სამი-ოთხი წლის… პატარაობა გამახსენდა… გავახილე თვალები… ბიჭმა გოგოს ლოყაზე ნაზაად აკოცა…

და ისევ ხის ჩრდილში გააგრძელეს ხტუნვა-კუნტრუში ვითომც არაფერი…

***

ისევ და ისევ ნიკო ლორთქიფანიძე, მისი ნოველებით გასხივოსნებული ვწერდი ამ ჩანახატს…