ლიბერთი ბანკი, ანუ მე – ფინანსისტი

ორიოდე კვირის წინ Financial Markets and Institutions-ში გავაკეთე პრეზენტაცია Mortgage Market in Georgia. ადვილი ნამდვილად არ იყო. საქართველოს რომ ეხებოდეს, ფინანსების და საერთოდ ბიზნესის სფეროზე რამე ინფორმაციის მოძიება საკმაოდ ძნელია. არ არის ეს ყველაფერი განვითარებული საქართველოში! საბოლოო ჯამში ლექტორმა ღვაწლი დამიფასა და 30-დან 30 ავიღე პრეზენტაციაში.

პრეზენტაციის მზადების პროცესში გამიჩნდა ერთი მოსაზრება.

ლიბერთი ბანკი კი არა, ადრე სახალხო ბანკი რომ იყო და 5 ბინას რომ ათამაშებდა მეანაბრეებს შორის, იმედია, გახსოვთ. ანაბრების აქცია “პოზიტივი” ერქვა ამ გათამაშებას. სულ მაინტერესებდა, რატომ ათამაშებდა ბინებს. მას ანაბრების გარდა რაღაც სარგებელი ხომ უნდა ჰქონდეს?! და ის მოსაზრება, რომელიც გამიჩნდა, მდგომარეობდა იმაში, რომ მართლაც ჰქონდა სარგებელი.

რა არის ბინა? ბინა არის უძრავი ქონება. უძრავი ქონება კი არალიკვიდურია, ანუ ძნელად გარდაიქმნება ფულად სახსრებში. ეტყობა, ბანკს გადაუხდელი იპოთეკური სესხებიდან შერჩა ბინები. შესაბამისად, ეს ბინები Balance Sheet-ში უზის. არავის სურს, ბალანსში ჰქონდეს ასეთი არალიკვიდური აქტივები. საჭიროების შემთხვევაში სწრაფად ვერ მოახერხებენ მათ ფულად სახსრებში გადაყვანას. ბანკს კი სურს რამენაირად მოიშოროს ისინი და ხედავს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზას.

  1. პირველი, რაც თავში მოგივა, არის ბინების გაყიდვა, სანამ დრო ჯერ კიდევ მაქვს. მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილებაა. ბანკისათვის სარგებელს არ მოიტანს. რატომ? ბანკი ბინების გაყიდვას რომ დაიწყებს, ბაზარზე მიწოდება გაიზრდება და ფასები უძრავ ქონებაზე დაეცემა. ეს კი ბანკს არ არწყობს. გრძელვადიან პერიოდში ის [ბანკი] ნაკლებ სესხს გასცემს და შესაბამისად ნაკლები შემოსავალი ინტერესიდან (Interest revenue) ექნება.
  2. ბანკი იფიქრებს: მოდი გავათამაშებ ამ ბინებს! ამით თავიდან მოვიცილებ არალიკვიდურ უძრავ ქონებას ბალანსიდან ისე, რომ ფასი არ დავარდება, და თან მეანაბრეებსაც მოვიზიდავ.

სახალხო ბანკმა სცადა ორი კურდღლის ერთად დაჭერა. შეიძლება ითქვას უფრო მეტის: არალიკვიდური აქტივის მოცილება,ფასის შენარჩუნება, მეანაბრეების მოზიდვა, პიარი (უფრო კი, ვიდრე არა). გამოვიდა ოთხი კურდღელი. შეგიძლიათ, თუ გაიხსენებთ რამეს, კურდღლები მიამატოთ.

რაც მთავარია სახალხო ბანკმა სცადა, დაეჭირა ამდენი კურდღელი. რამდენად გამოუვიდა, ეს უკვე სხვა თემაა, და ეს პოსტი ამას არ შეეხება.

Advertisements

მეტრო

როგორც იქნა მოვაბი თავი გადმომეტანა ის ”შედევრი” რაც მეტროში დავწერე. გუშინ.

***

საოცარი შეგრძნებაა, როცა მეტროს თავისუფალ ვაგონში შედიხარ. მარტო შენ! სხვა არავინ! ყველა ადგილი თავისუფალია და ჯდები სადაც  მოგესურვება. მე იქვე კარებთან მიყვარს ჯდომა. მარცხნიდან ან მარჯვნიდან (გააჩნია კარის რომელ მხარეს დავჯდები) არავინ მაწუხებს – კარებია, და მეორე მხრიდან ვინმე გოგო დამიჯდება. ერთი ადამიანიც რომ შემოვიდეს, თუნდაც ვაგონის მეორე ბოლოს, ეს შეგრძნება ეგრევე ქრება.

ყველაზე ძალიან ძველი ბიჭების შემოსვლას ვერ ვიტან ვაგონში. ჩემთვის ეს მიუღებელი კატასტროფაა მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმჩნევ, ვცდილობ არ შევიმჩნიო ყოველ შემთხვევაში. უმეტესად ისინი ან მუსიკას (განსაკუთრებით რუსულ პაპსას) ჩართავენ მეტისმეტად მაღალ ხმაზე, ისე რომ საცაა იმ ვაგონიდან გადახტე, ან კიდევ ხმამაღლა ”ბლატნოი” სიტყვებით საუბრობენ, ლამისაა იოგები ჩაუწყდეთ.

Как мало надо для человеческого счастья ანუ სრული ბედნიერებაა, როცა შენ სამიზნე სადგურში (point of destination) ჩახვედი ისე, რომ არც რამის გამყიდველი ამოვიდა, არც მათხოვარი… დღეს (ანუ უკვე გუშინ) კი ეს ბედნიერება არ მეღირსა. სუპერწებოსა და კევების გამყიდველი არ ამოვიდეს, ეს ხომ არბსურდია. მათხოვარმაც გამახარა! ჯვარს სწერდა ვაგონში მსხდომ აუდიტორიას.

უკვე სამჯერ შემხვდა მეტროში ერთი ქალი. მხატვარია. მაგრამ ნამდვილ მხატვრადაც ვერ შერაცხავ. გზად თანამგზავრების პორტრეტებს ხატავს.  მაგრამ ყველას არა, ვინც მოეწონება მხოლოდ მათ. დახატვისთანავე ნამუშევარს პორტრეტის ობიექტს აძლევს, რის შედეგადაც იღებს გასამრჯელოს: ლარს, ორს, ზოგი ხუთსაც აძლევს. არავინ კადრულობს მისცეს ლარზე ნაკლები და არავის ემეტება ხუთ ლარზე მეტი. როგორც უკვე ვთქვი მე ეს ქალი სამჯერ ვნახე და სამჯერვე შემრჩა მისი ნამუშევარი ხელებში. მხოლოტ ერთ ნახატში ვგავარ საკუთარ თავს. დანარჩენები ვითომდა სხვისი პორტრეტებია. მომწონს ეს ქალი თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის სახეზე ღიმილს ტოვებს და მეც გაღიმებული ვრჩები სახლში შესვლამდე, და იმის მერეს.

რეკლამები, რეკლამები, და ისევ რეკლამები. სულ მუდამ რეკლამები. ოხ ეს მარკეტოლოგები, არ შეუძლიათ ადამიანი ამ რეკლამებით არ დაბომბონ (ბატონ დავით ბირმანს არ ეხება). ერთხელაც მომინდა დამეთვალა, რამდენ რეკლამას ვეჩეხებით მეტროში, მაგრამ მერე თვლით დავიღალე და თავი დავანებე.

საქართველოს ბანკი, ბილაინი, მომგებიანი ბილეთი… მეტროდან გასვლისას აუცილებლად გადააწყდები. საბოლოოდ რომ გახვალ მეტროდან, უმეტეს სადგურებში დაგხვდება ბაზარი და აურზაური.

ბევრი ვილაპარაკე თუ ცოტა, მეტრო მაინც რჩება ყველაზე სწრაფ სატრანსპორტო საშუალებად, რომლითაც ყოველდღე მიწევს მგზავრობა.