უსათაურო

მახსოვს შარშან მითხარი ერთი ფრაზა: “უსიყვარულოდ ადამიანი არარაობაა, მტვერია, ნაცარია…” ეს ფრაზა ჩამიჯდა გონებაში და ყოველდღე ჩემდაუნებურად ვიმეორებდი.

ასე გავიდა ოთხი თვე… მერე ერთ მშვენიერ დღეს აწვიმდა. ისე აწვიმდა, რომ სულ დავსველდი. როგორც იქნა, ვიპოვე თავშესაფარი, ერთ კაფეში შევაღწიე და ალკოჰოლური სასმელი ვითხოვე, რათა გავმთბარიყავი. ბარმენმა სასმელი მომაწოდა და რაღაც მითხრა. ვერ გავიგონე; ხმაური იყო; მაგრამ ამ ნათქვამის აზრი შემრჩა გონებაში, რაც შენზე მიმანიშნებდა.

უცბად, ტვინში გამიელვა, ვითომ ვიღაცამ ურო ჩამცხო, ისე და მივხვდი, არ უნდა მიმეტოვებინე. ვიცი, ჩემზე გაცილებით უფროსი ზარ, მაგრამ შენ თვითონ არ მეუბნებოდი, რომ ასაკი არაფერია და მას მნიშვნელობა არა აქვსო; და კიდევ ერთი რაღაც… ჰო, გამახსენდა, გულს ვერ უბრძანებო. არ დაგავიწყდეს, ეს შენი სიტყვებია, და არა ჩემი.

შენ მასწავლე ყველაფერი; შენვე სიცოცხლე შემაყვარე და მისი აზრიც შთამაგონე. არ არსებობს სხვა ადამიანი, ვინც შენსავით ახლოს იქნება ჩემთან.

Advertisements

ნაკადული

გუშინ ულამაზესი დღე იყო. როგორც კი გავედი გარეთ, დავინახე, ღრუბლებიდან მზემ გამოიჭყიტა. ისეთი სიყვარულით უყურებდა არე-მარეს, რომ ადამიანს უნებურად ეღიმებოდა. მზის სითბოთ აღსავსე სხივები თოვლს ისე ნაზად ეფერებოდა, რომ მას სიხარულის ცრემლებით აღევსო თვალები და ნაზად ჩამოსდიოდა ლოყებზე. ეს ცრემლები ისეთ მხიარულ ნაკადულს ქმნიდნენ და ნაკადული ისეთი სიხარულით სავსე ნაკადით ჩხრიალ-ჩხრიალით მიედინებოდა, რომ პატარა მოუსვენარი ანგელოზები სკოლიდან გამოსვლისთანავე ხტუნვა-კუნტრუშით მიყვებოდნენ მას. ნაკადული სულ ქვევით და ქვევით მიიჩქაროდა თავისი უფროსი დის შესახვედრად. როგორც იქნა, მან მიაღწია მტკვარს. ისინი ძლიერი სიყვარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს და ერთად მხიარულად განაგრძეს გზა.

მეც მიყვარხარო…

ეძღვნება ყველა აბიტურიენტს

აბიტურიენტობა გამახსენდა…

როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი აბიტურიენტი დროდადრო ზედმეტად გადაიტვირთება… მეც დამემართა ასეთი რამ… აღარც წიგნი მინდოდა, აღარც ტელევიზორი, და არც კომპიუტერი… უბრალოდ მივაგდე წიგნი, რვეული, კალმისტარი თუ ფანქარი და გარეთ გავიხედე… ნამეტანი კარგი ამინდი იდგა… ისე მომინდა გარეთ გასვლა, ისე!.. მაგრამ ეგრევე გადავიფიქრე… საქმე იმაშია, რომ ჩემი მეზობლების ნახვა არც თუ ისე ძალიან მინდოდა… გამარჯობა, გაგიმარჯოს, როგორ ხარ, რავი აბა – ამით შემოიფარგლება ჩვენი ურთიერთობა… თუმცა ხანდახან გამოჩნდება კიდევ ორიოდე ფრაზა: ”შეყვარებული გყავს?” უახლოეს წარსულში დაემატა ამას კიდევ ერთი: ”ხომ არ გათხოვდი?” ორივე ამ კითხვაზე ერთი პასუხი გაისმის ჩემგან: ”არა”, ზედმეტი კითხვების თავიდან ასაცილებლად… გარეთ გასვლა გადავიფიქრე… ერთ მთას დავუწყე ყურება… მთა, რომელიც თბილისის ზღვის იქითაა და ღამ-ღამობით ნათდება… და უცბად მოვიმარჯვე ბლოკნოტი და ფანქარი (არა კალმისტარი) და შედეგად ასეთი რამ გამოვიდა:

***

ამდენმა მეცადინეობამ დამღალა… მივაგდე მაგიდის კუთხეში წიგნი და რვეული. ოცნება დავიწყე…

ოცნებამ დამღალა… მოვიწყინე… ფანჯარას მივუჯექი და შორს გავიხედე… ძალიან შორს… ჰორიზონტსაც გავცდი…

უცბად… აქვე დავინახე, ახლო-მახლო, გოგო და ბიჭი დახტუნაობენ ხის ჩრდილში… სულ პატარები… სამი-ოთხი წლის… ბიჭი გოგოს სიცოცხლით აღსავსე თვალებით უყურებს… უყურებს და ეღიმება…

”მიყვარხარო!”

გოგონამ გაოცებული თვალებით შემოჰხედა ბიჭს… თვალებით სიხარულის ცრემლებით აევსო… გაეცინა…

”მეც მიყვარხარო!”

ცოტახნით თვალები დავხუჭე… ჩემი თავი წარმოვიდგინე სამი-ოთხი წლის… პატარაობა გამახსენდა… გავახილე თვალები… ბიჭმა გოგოს ლოყაზე ნაზაად აკოცა…

და ისევ ხის ჩრდილში გააგრძელეს ხტუნვა-კუნტრუში ვითომც არაფერი…

***

ისევ და ისევ ნიკო ლორთქიფანიძე, მისი ნოველებით გასხივოსნებული ვწერდი ამ ჩანახატს…