ფიქრები…

ქართულის ლექცია… ანუ უკვე პირველ კურსზე ვარ!!! მიხარია და ვამაყობ!!! მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქართულში მაღალი ქულებით არ ვიყავი გამორჩეული… ლექტორმა მოგვცა ლექციაზევე დასაწერი თემა: ფიქრები… შემეშინდა… სკოლა ხომ აღარაა… ცოტა უნდა დავსერიოზულდე. თუმცა გადავწყვიტე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და დავწერე ჩემს სტილში… მაინც ცოტას ვნერვიულობდი. სამაგიეროდ ამ ექსპერიმენტმა თავისი ნაყოფი გამოიღო და ათი ქულიდან ათივე ავიღე!!! ჩემს ბედნიერებას, მგონი, საზღვარი არ ჰქონდა… უფრო თავდაჯერებული გავხდი… მთლად ხელიდან წასული არ ვყოფილვარ!!!

აი რა დავწერე:

ფიქრები…

ვინ იცის რაა ფიქრები?..

თავისით მოდიან და თავისით მიდიან…

ფიქრები ადამიანის ნაწილია, თვით ადამიანიც… ფიქრები სულიერებაცაა, ასევე ხორციელების განსახიერებაც… ფიქრებს ვერ უბრძანებ… შორეულ წარსულში გადაგაგდებენ, რომც არ გინდოდეს, მომავალშიც გადაგაფრენენ…

ფიქრები ცხოვრების საუკეთესო მომენტებს მოგაგონებენ, როგორ იჯექი საყვარელ ადამიანთან ერთად ზღვის პირას მთვარიან ღამეს, როგორ გაკოცა იმან და შენ შეკრთი… ფიქრები ასევე გაგყვებიან დროის ყველაზე მტკივნეულ ადგილას, როცა საყვარელ ადამიანს დაშორდი, როცა ეს დაშორება შენი ბრალი იყო…

ფიქრები თანაგრძნობაცაა… ფიქრები სხვა ადამიანის ადგილას დაგაყენებენ. მისი სატკივარი შენი სატკივარი გახდება, მისი სიხარული – შენი…

სამწუხაროდ, ფიქრებმა სასტიკი თამაში იციან შენთან. მეგობარმა რამე ცუდი ჩაიდინა, ფიქრები კი შენ აგაღებინებენ პასუხისმგებლობას, და მერე თავს დამნაშავედ გაგრძნობინებენ…

ფიქრები გაიძულებენ აწყენინო საუკეთესო მეგობარს, საყვარელ ადამიანს… ხანდახან ფიქრები მოგაკვლევინებენ ცოცხალ არსებას…

ოჰ, ეს ფიქრები!.. როგორი სასტიკი არიან და როგორი ლმობიერი…

თავისით მოდიან და თავისით მიდიან…

Advertisements

ლექცია და მოწყენილობა

ეს იყო ის დრო, როცა დავდიოდი ქიმიაზე. მართლაც რომ გატაცებული ვიყავი ამ მეცნიერებით. შემდგომ კი ზუსტად ქიმიაში ოქროს მედალი ბატონმა პრეზიდენტმა ჩამომიკიდა კისერზე.

ერთ დღეს ქიმიის გაკვეთილზე მეტისმეტად მოვიწყინე. ხოდა რატომ მოვიწყინე? იმიტომ რომ მასწავლებელი გვიყვებოდა რაღაცეებს სუფთა ქიმიიდან, რომელიც მე ნამდვილად არ მიზიდავდა. მე უფრო ბიოქიმიით ვიყავი გატაცებული, მაგრამ რატომღაც ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ამოვყავი თავი.  ბევრი რომ არ ვისაუბრო, კიდევ ერთხელ გთავაზობთ ჩემს შემოქმედებას. და ერთი თხოვნა მექნება, არ დაინდოთ, თქენი კრიტიკა მაინტერესებს. წინასწარ უღრმესი მადლობა!

***

ვზივარ… მეძინება… ლექტორი ლექციას გვიკითხავს ელექტრონული შრეების შესახებ… ეს უკვე ვიცი… ამიტომაც მეძინება… სიტყვები: “შორდებიან”, “რადიუსი”, “სფერო”… მხოლოდ ასეთი ცალკეული სიტყვები…

მთლიანი აზრი არ ესმის…

ამასობაში ტვინი გადაიღალა და ფიქრები წავიდნენ… წავიდნენ შორს… შორს… გადაიარეს მზის სისტემა… გალაქტიკა… მრავალი გალაქტიკა…

მიდიან… მიდიან უცნაურ ადგილას… ადგილას უცნობ, მაგრამ ლამაზს და მანმადე უნახავს…

მიდიან ფიქრები… მაგრამ უცბად ფიქრებს თვითონ მე ვცვლი… ჩემს თავს ვხედავ ამ ლამაზ და უცნაურ ადგილას… ისევ ვაგრძელებ სიარულს…

და… უცბად…

უცბად ვხედავ მას… მას!.. მიხარია… თეთრშია ჩაცმული თეთრ შარვალ-კოსტუმში… გავშეშდი… მისი დანახვა დიდად გამიხარდა… დაჩერებული ვარ… მისვლა მინდა, მაგრამ ვერ მივდივარ… ფეხები არ მემორჩილება… მისმა დანახვამ მომაჯადოვა, აღმაფრთოვანა…

მინდა მასთან მიახლოვება, მაგრამ არ შემიძლია…

მოვიწყინე. მაგრამ…

მადლობა ღმერთს! თვითონ დაიძრა… ველოდები, სანამ მომიახლოვდება… და…

ამ დროს კლასელი მაღვიძებს… გაკვეთილი დამთავრდაო…  მეწყინა… სინამდვილე მეგონა… მაგრამ…

მაგრამ, სამწუხაროდ, სიზმარი აღმოჩნდა…