თვითმკვლელობა… რისთვის?..

გუშინდელმა ამბავმა, ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. უკვე 19ია, ანუ გამოდის რომ გუშინწინდელმა… და მეტროში ასეთი რამ დავწერე ამ აფექტის ქვეშ:

განა ღირდა თვითმკვლელობით დაგესრულებინა ეს ისედაც მოკლე შენი ცხოვრება?! რისთვის? რატომ? რა მიზეზით? რა გქონდა გულში ისეთი, რის გამოც ცხოვრება აღარ გინდოდა? ამას ჩვენ უკვე ვეღარ გავიგებთ…

მაგრამ მაინც ვერ ვხვდები… შენი თავი თუ არ გეცოდებოდა, სხვებმა რაღა დააშავეს?! ისინი შეგებრალა მაინც… შენი სახით ხომ არ იცი, რა დაკარგეს… თუმცა კი ხვდებოდი, მაგრამ გააზრებული მაინც არ გქონდა… და ასე მიატოვე ყველა, ვინც გიყვარდა და ვისაც უყვარდი… მაიცა, მაიცა! თუ შენ ისინი საერთოდ არ გიყვარდა?! ხო, ზუსტად, გავარტყი. შენ ისინი ალბათ არ გიყვარდა… ამიტომაც ასე დაუფიქრებლად მწარედ მიატოვე ისინი სველი თვალებით და ცრემლების გუბეებით…

არა რა… საშინელი ეგოისტი ხარ… ახლა არ თქვა, რომ არ ხარ, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ მქონდაო… მე ამას არ დავიჯერებ… თუმცა მაინტერესებს, როგორ აპირებ ამის თქმას… ვერც იტყვი ამას, რომც გესმოდეს… აი, შენი თავიც არ გყვარებია, არა მხოლოდ შენები… იცი ვინ მიატოვე?.. ვინ და დედაშენი… ასეთი მამაცი გულის პატრონი… შენი აზრით, გზრდიდა მხოლოდ იმისათვის, რომ მერე თავი მოიკლა? გზრდიდა, რათა საამაყო, სამაგალითო შვილი გამოსულიყავი, შენ კი… ეეხ…

ცოლს რას ეტყვი? იმისათვის გააჩინა ორი ასეთი ლამაზი და საყვარელი ბავშვი, რომ მერე მარტომ აღზარდოს?! არა მგონია… დედა ხო კაი არ შეგებრალა იმიტომ, რომ დედები ყველაფერს პატიებენ შვილს, ამასაც როგორმე გაპატიებდა… და ცოლი? შენი აზრით ცოლი გაპატიებს?.. თვითონ ცოლზეა დამოკიდებული… შეიძლება არც გაპატიოს, და მერე ივლი მარტოდ მარტო… აბა სხვა გზა არც დაგრჩენია… სულ მარტო…

თუმცა მეც ვარ უნიკალური არსება… ამ ყველაფერს ვის ვეუბნები?! შენ უკვე აღარ ხარ ცოცხალი, და რამდენიც არ უნდა ვიძახო და ვიყვირო, მაინც ვერაფერს გაგაგონებ… ჰოდა, საერთოდ გავჩუმდები… და ჩემი გაგება რომ შეგეძლოს, მაინც ვეღარ გაიგებდი… იმიტომ, რომ ახლა მართლაც ამ ლექციების კითხვას აზრი აღარ აქვს…

Advertisements

თვითმკვლელობა და ფონიჭალა

გუშინ 17 ივნისს მივდიოდი ჩემს მეგობართან სახლში… სადღაც ფონიჭალაში… ავტობუსიდან ვიყურები, ვხედავ რაღაც საკმაოდ ბევრი ხალხი შეიკრიბა… იქვე პოლიციის მანქანა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წარმომადგენლები შევამჩნიე… ავტობუსში ეგრევე გაიგეს (ოღონდ საიდან გაიგეს, არ ვიცი, ყველა ხომ ავტობუსში ისხდა და არა გარეთ პოლიციელს ელაპარაკებოდა), რომ თვითმკვლელობა მოხდა… ჭორი ეგრევე მთელ ავტობუსს მოედო… მე და ჩემი მეგობარი გაოგნებულები ვსხედვართ, და არ ვიცით, დავიჯეროთ თუ არა… მერე დავივიწყეთ…

ახლა კი დავჯექი კომპიუტერთან და გამახსენდა, ამას ხომ რუსთავი 2-ც ესწრებოდა. გადავწყვიტე გამეგო, ზუსტად რა მოხდა, არა ჭორის დონეზე. და აი რა აღმოვაჩინე:

”თვითმკვლელობა მოხდა ქვემო ფონიჭალის დასახლებაში. თბილისის შემოსასვლელთან, საავტომობილო გზაზე, `მერსედესის` მარკის მანქანაში საშუალო ასაკის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით სახის არეში სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პატრული და აგრეთვე გარდაცვლილის ოჯახის წევრები, თუმცაღა კომენტარისგან ორივე მხარე თავს იკავებს, ამიტომ დაღუპულის ვინაობა ჯერაც უცნობია. ერთადერთი დადასტურებული ინფორმაცია ის არის, რომ საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან.”

წყარო: რუსთავი 2